logo
ENG



​გიორგი რურუას ანაბეჭდები იარაღზე არ აღმოჩნდა

30 დეკ 201920:09
3 წუთის საკითხავი
 

ექსპერტიზის ორი დასკვნა გამორიცხავს გიორგი რურუას ტანსაცმელზე ლითონის კვალის, იარაღზე კი დაკავებულის თითის ანაბეჭდების არსებობას. „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ ადვოკატი აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან იარაღის ჩადების ფაქტი უკვე უტყუარი გახდა, რურუას პოლიტპატიმრობა კი საბოლოოდ დადასტურდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტების დასკვნებს ადვოკატი ასაჯაროვებს  და ამბობს, რომ ეს ორი დოკუმენტი საქმეს თავდაყირა აყენებს. რურუას ინტერესების დამცველის და ოჯახის წევრების განცხადებით, ექსპერტიზის ახალი დასკვნები ამბობს იმას, რასაც დაკავების პირველივე დღიდან ამტკიცებენ - რომ საქმეს პოლიტიკური მოტივი და მიზნები აქვს. 

ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც საქმის პოლიტიკურ მოტივებში დარწმუნებულები არიან, ფიქრობენ, რომ ექსპერტიზის შედეგებმა საგამოძიებო უწყება უარგუმენტოდ დატოვა. თუმცა რა შეიცვლება სისხლის სამართლის საქმეში - პროგნოზის გაკეთება უჭირთ. ამბობენ, რომ  ეს ხელისუფლების პოლიტიკურ გეგმაზეა დამოკიდებული. 

ხელისუფლებაში პოლიტიკურ ოპონენტებს ურჩევენ,სიმართლის გარკვევა საგამოძიებო უწყებებს და სასამართლოს მიანდონ.

გიორგი რურუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მეორე თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ტელეკომპანია „მთავარის" მეწილეს რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუმძიმდა, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობისთვის. გიორგი რურუა, უარს ამბობს დნმ-ის ნიმუშის ჩაბარებაზე, ექსპერტიზის გაყალბების ეჭვის გამო. მისი ადვოკატის ინფორმაციით, იარაღს დნმ-ზე მაინც შეამოწმებენ და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამისთვის გარდაცვლილი ძმის, ნიკა რურუას სისხლის ნიმუშს გამოიყენებს, რომელიც მას გარდაცვალების შემდგომი ექსპერტიზისთვის აუღეს. ამის შესახებ უწყებაში განმარტებებს არ აკეთებენ. 


close დახურვა